logo
ENG



WHO: ვაქცინის უთანასწორო განაწილების გამო, მსოფლიო "კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა"

19 იან 202101:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/19/bag3zas0jnv1jbn.jpg

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის კოვიდვაქცინის უთანასწორო განაწილების გამო მსოფლიო "კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა". მან მოუწოდა ქვეყნებსა და მწარმოებლებს, გაანაწილონ დოზები უფრო სამართლიანად, მთელ მსოფლიოში.

"უხეში უნდა ვიყო და ვთქვა, მსოფლიო მორალური მარცხის წინაშეა და ამ მარცხის ფასს ღარიბ ქვეყნებში სიცოცხლითა და საარსებო წყაროთი გადაიხდიან. [...] საბოლოო ჯამში ეს პანდემიას, დაწესებულ შეზღუდვებს, ადამიანების ტანჯვას გაახანგრძლივებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუბრობენ ვაქცინაზე სამართლიან წვდომაზე, ზოგიერთი ქვეყანა და კომპანია ისევ პრიორიტეტს ანიჭებს ორმხრივ შეთანხმებას, COVAX-ის გვერდის ავლით, ზრდიან ფასებს და რიგში დაწინაურებას ცდილობენ. გასულ წელს 44 ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა, 2021-ში კი, სულ მცირე, 12", - თქვა მან ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს სესიაზე საუბრისას.

მისი თქმით, სამართლიანი განაწილების პერსპექტივებს "სერიოზული რისკები" ემუქრება, როცა COVAX პლატფორმა მიზნად ისახავს უკვე მომდევნო თვეში, თებერვალში დაიწყოს ვაქცინის დისტრიბუცია ქვეყნებში.

"ამან შეიძლება, შეაყოვნოს COVAX-ის მხრიდან ვაქცინის მიწოდება და შექმნას ის სცენარი, რის თავიდან ასაცილებლადაც შეიქმნა ეს პლატფორმა", - აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი. 

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, უსამართლოა როცა ახალგაზრდა და ჯანმრთელი მდიდარი ქვეყნის მოქალაქე იღებს ვაქცინას იმაზე ადრე, ვიდრე მოწყვლადი ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის 39 მილიონ დოზაზე მეტი უკვე ადმინისტრირდა 49 მაღალშემოსავლიან ქვეყანაში. აქამდე, ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ დანერგეს ვაქცინაცია.

საქართველო სწორედ COVAX პლატფორმის მეშვეობით ელოდება ვაქცინის მიღებას. მთავრობის დაპირებით, სწორედ ამ გზით გერმანულ-ამერიკული ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინა უნდა შემოვიდეს პირველ ეტაპზე, რითაც სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას. 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს იქნება, "საუბარია ფაიზერის ვაქცინაზე". მინისტრის თქმით, COVAX პლატფორმამ, რისი მეშვეობითაც ქვეყანამ ვაქცინა უნდა შეიძინოს, დამატებითი გარანტიები მოითხოვა, რაზეც მთავრობამ პასუხი უკვე დაუბრუნა. 


close დახურვა